ალერგია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ Drucken
ალერგია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები თავიანთი მოქმედების მექანიზმის მიხედვით იყოფა 2 ჯგუფად: ციკლოოქსიგენაზების COX-1 და COX-2 ინჰიბიტორები. ამ ჯგუფის პრეპარატებს შეუძლიათ გამოიწვიონ, როგორც ჭეშმარიტად ალერგიული, ანუ IgE-განპირობებული, ასევე ფსევდოალერგიული რეაქციები. ცნობილია რომ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები უფრო იშვიათად იწვევენ ჭეშმარიტ ალერგიულ რეაქციებს. უფრო ხშირად ისინი იწვევენ ფსევდოალერგიულ რეაქციებს, ანუ ბაზოფილებისა და პოხიერი უჯრედების პირდაპირ დეგრანულაციას იმუნოლოგიური მექანიზმების მონაწილეობის გარეშე.

 

ფსევდოალერგიული რეაქციები დამოკიდებულია პრეპარატის მიერ COX-1 ინჰიბიციის ხარისხზე. ფსევდოალეგიული რეაქციები იყოფა 4 ტიპად:

I ტიპი - ასთმა და რინოსინუსიტი, რომელთაც შეიძლება ახლდეს დიარეა, ჰიპოტენზია, კანის ჰიპერემია.

II ტიპი - ურტიკარია და ანგიოედემა. მაგალითად ქრონიკული ურტიკარიის დროს, ამ პრეპარატების მიღებიდან 1-3 საათში შეიძლება განვითარდეს ურტიკარია და ანგიოედემა.

III ტიპი - ურტიკარია და ანგიოედემა ასიმპტომურ პაციენტებში ( რომელთაც არ აქვთ ქრონიკული ჭინჭრის ციება). ასეთ პაციენტებს უფრო ხშირად უვითარდებათ ურტიკარია და ანგიოედემა, COX-1 ინჰიბიტორების მიღების შემდეგ და უკეთესად იტანენ COX-2 ინჰიბიტორების ჯგუფის პრეპარატებს.

IV ტიპი - შერეული რეაქცია ასიმპტომურ პაციენტებში. მათ შეიძლება განუვუთარდეთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი ერთდროულად.

 

ჭეშმარიტი ალერგიული რეაქციები ვითარდება, რომელიმე არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ სენსიბილიზაციის შემდეგ. ეს რეაქციები არის IgE-განპირობებული წამალ-ჰაფთენ ფენომენის მექანიზმით. სტატისტიკის მიხედვით უმრავლეს შემთხვევაში გამოწვეულია იბუპროფენით. თუმცა შეიძლება გამოწვეულ იქნას სხვა COX-1 ინჰიბიტორების მიერაც. დღეისათვის არ არსებობს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო IgE-ს განსაზღვრის საშუალება. ალერგიული რეაქციები კლინიკურად ძირითადად გამოვლინდება ურტიკარია-ანგიოედემით და ანაფილაქსიით, რომელსაც თან ახლავს სუნთქვის გაძნელება, ხმაურიანი სუნთქვა, ბრონქოსპაზმი, ხორხის შეშუპება, ჰიპოტენზია, კოლაფსი. მეცნიერულ ლიტერატურაში ანაფილაქსიური რეაქციები აღწერილია უპირატესად COX-1 ინჰიბიტორების ჯგუფის პრეპარატებზე, თუმცა აღწერილია ანაფილაქსიის შემთხვევები COX-2 ჯგუფის პრეპარატებზეც, როგორიც არის Celecoxib-ი. ასევე აღწერილია ანაფილაქსიური რეაქციები აცეტამინოფენზე (პარაცეტამოლი).

 

დიაგნოსტიკა

დღეისათვის არ არსებობს გარანტირებული არც In Vitro და არც კანის ტესტები, ალერგიული და ფსევდოალერგიული რეაქციების დასადგენად, ამ ჯგუფის პრეპარატების მიმართ. ამიტომ ამ დროს მნიშვნელოვანია ანამნეზის სწორი შეკრება. ალერგიული რეაქციები ამ ჯგუფის პრეპარატების მიმართ ყოველთვის შეძენილია. ანამნეზის შკრებისას ყოველთვის მნიშვნელოვანია რა ქრონიკული სიმპტომები აქვს პაციენტს - რინოსინუსიტი, პოლიპოზი, ასთმა. მთავარი სადიაგნოსტიკო საშუალება ასეთ შემთხვევაში არის პროვოკაციული ტესტი. ის ტარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პაციენტს აუცილებლად ესაჭიროება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობა.

 

სასურველია ვიცოდეთ

-          ისეთი ანტაციდური პრეპარატი როგორიცაა Bismuth Subsalicylate - ორგანიზმში გარდაიქმნება სალიცილის მჟავად.

  cheapest zithromax online

-          არასტეროიდების აუტანლობის შემთხვევაში შესაძლოა გამოყენებულ იქნას ნარკოტიკული ტკივილგამაყუჩებლები.


-          ხშირად, COX-1 ინჰიბიტორების აუტანლობის შემთხვევაში, აიტანება COX-2 ინჰიბიტორების ჯგუფის პრეპარატები.


-          პაციენტებს, რომლებსაც განუვითარდათ ფსევდოალერგიული რეაქციები COX-1 ინჰიბიტორების ჯგუფის პრეპარატებზე, შეიძლება დაენოშნოთ COX-2 ინჰიბიტორების ჯგუფის პრეპარატები.


-          არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების აუტანლობის შემთხვევაში შესაძლოა დესენსიტიზაციის ჩატარება განსაზღვრული პროტოკოლების მიხედვით.


-          ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ჭეშმარიტი ალერგიული რეაქცია ამ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებიდან, რომელიმე ერთ პრეპარატზე, სხვებზე კი არ აღენიშნებოდეს.